1908 წელი
ნეტავ მალე მივახწევდე მიზანს
შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მთანი,
მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!
წინ მიიწევ იხსნი და ხმაურობ,გღვიძავს
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიახწევდე მიზანს!..
1909 წელი
ხელოვნება
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.
დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?
და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.
ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.
არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.
1910 წელი
სინამდვილეში ოცნებისას
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.
ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.
სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.
მალე ფერგადაშლილი
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;
გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.
წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.
ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.
როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
ათას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.
როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
ათას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა...
1911 წელი
შავი ყორანი
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
მონაზონ ქალს ოფელიას
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა
სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა!
დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი,
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ,მსხვერპლი!
სევდად იცვალა თრთოლა ციების,
ღმერთი თარეშობს შურისძიების.
სტიროდე,ადამ,სტირიდე,ევა!
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.
ჰამლეტის ქნარი
ამაოა მთლად ცხოვრება,დრტვინის წუთისოფელია,
წადი...წადი მონასტერში,მონასტერში,ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი,უბედობა ხატს აჩვენე!
დამაშვრალი სული,გული,მონასტერში მოასვენე!
მაშ შორს მტვერი,შორს,შორს მოწა!_ის ცის უარმყოფელია...
წადი...წადი მონასტერში!მონასტერში,ოფელია!...
1912 წელი
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
მიმღერე რამე
როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული!
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონება დადაღულ გულის..
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!
ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის,
ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე!
ახლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!
დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე,
აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!
ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების.
გემუდარები, მიმღერე რამე!
1913 წელი
მე და ღამე
ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
სად?
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
თვალუწვდენელი, დაუსაბამო
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
1914 წელი
ქარით დატირებული
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ახლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი.
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.
თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.
უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვიშ უკვდავება,
ჩვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ.
განახლდა გული
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამილოცე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბადს კი მაინც არ შევურიგდები.
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ,ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?
გურიის მთები
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.
სიბერე
მე მიღალატეს ძველმა რითმებმა
(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),
თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_
ეხლა რა ვუყო სპლინს,უხმო ჯალათს!
ეჰა,მე ვამბობ,სად შემიძლია
ვებრძოლო ქალთა წყევლას_სიბერეს?
ჭვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს.
ფოთლები
ჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი,
ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა,
გამოურკვეველ მწუხარებაში
მზეს სული უწუხს და გული სტკივა,
ნოემბრის ქარმა ყვითელ ფოთლებით
კვალ-ბილიკები გადაიარა,
ფოთლები სწყდება იმ გატაცებას
და შემოდგომის მეფობს იარა.
დაღლილ წამწამთ ქვეშ
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,
რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,
შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა,
მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში.
ჩემი ცხოვრება, ვით სხეული დაუმარხველი,
წარსულისაგან სწყევლის, სწყევლის ამ ფერმკრთალ სახეს,
ის ვერ განშორდა განმყინვებელ, მკვლელ თვალთა ცქერას,
ვერ განერიდა თმას მთრთოლავსა და მოცახცახეს.
სიზმართა რგოლში ჯადო მკაცრი ტანჯვა-წამების
მაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს:
სიზმართა რგოლში მე ვიგონებ ჩემს დამმონებელს,
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს.
ელეგია
წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:
“გამიღეთ კარი!”
რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის
მზიანი ჩრდილი,
რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,
ჩემი სიზმარი!
დროო წყეულო, სად წარიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო, სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული .
ღრუბელთა ჯარი...
ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ
ცაცხვის ხეები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი...
დამათრობელი - როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი
და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ
დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიამე...
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,
მითხარი რამე!
მოვა… მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი"
აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.
1915 წელი
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ატმის ყვავილები
რტოებში ავობს ბებერი ქარი,
ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.
ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,
ნანაობს ქარი და მიქანაობს.
და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,
ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,
ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,
დაწვდა ბილილებს და აათრთოლა.
ატმის ხე იდგა თაიგულივით,
იქ მას მილევით უთრთოდა სული!
შორით მოსული გაზაფხულ სხივით
და ნამთა მძივით გარემოცული.
ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,
ვით დედოფალი უცხო მხარეში.
სინარნარეში სწვავდა მზის ზალი
და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.
ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,
როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,
მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა
და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.
მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი
და ფრთა მედგარი შემოახვია,
ეხლაც ატყვია ხეს განაბზარი,
ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.
როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი
შემდეგ აშლილი და აფრენილი -
გადაცვენილი ატმის ყვავილი
იყო დაღლილი და მოწყენილი
ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა!
მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,
ყვავილი იგი მოკვდა და ჩაქრა
ცითლად დაფარა ბაღის ბილიკი.
ბაღის ბილიკზე მიცდივარ და თან
გაძვრცნილ ატამთან ზღვები გროვდება,
საღამოვდება და მზის ჩასვლასთან
თანდათან მწუხრი მიახლოვდება.
მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,
მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი!
გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!
მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი.
დაიძინეთ, სურვილებო - კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.
დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!
შენ ზღვის პირად
შენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი,
სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი
და გფარავდა მწვანე სუროსფერი
ცაცხვისა და ალვის ხეივანი.
შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი
მოულოდნელ სიყვარულად ვცანი,
როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,
როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.
ამ ღიმილში კარგი, მშვენიერი
გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,
როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,
ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.
იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,
ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.
მერი, ჩემო შორეულო მერი,
შენსკენ მოჰქრის ბედის იალქანი.
ის
ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა
გადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს,
სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა
და დაათოვა სურათებს, საწოლს.
მე დამავიწყდა ძველი წვალება
და ვალალება გრძნობათ დამხობის,
და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალება
იდუმალება შორეულ ტრფობის.
მომიახლოვდი, ვით მთვარის შუქი,
მითხარ, მაჩუქე ოცნებათ კრება.
უჩინრად ჩნდება ვნებათ ქარბუქი...
ეს მართლა ხდება თუ მესიზმრება?
ალვები თოვლში
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრიალებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი - პირბადე
და უცნობ რამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიადამდე.
დგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...
და უჩვევ ნათელს ეალერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ...
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთოლთა კვნესა,
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.
აკაკის ლანდი
მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიები
დადებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩემი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
აღელვებული ელიზიუმი.
გრძნობდა თანაბარ მოახლოებას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა
მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები.
მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა,
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით ააელფერა,
და საიდუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვიათი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.
ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანტელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი ზღაპრების სიდიადეში,
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
არ მოგაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოეტის, მაღლით ანთება.
კურთხეული იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება.
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!
ი.ა.
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით ჯიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.
უცებ შემკრთალი ღამე
ცა ვარსკვლავების ქვიშით
ველებს ეცემა ნამი...
გაყინულია შიშით
უცებ შემკრთალი ღამე.
უცებ შემკრთალი ღამე
უახლოვდება ქუჩას.
განწირულების ცამი,
ფერი რკინის და თუჯის.
ბავშვობის დღეები
გაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები,ჭალები,ტყეები,
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან,
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა.
ბალახი,მდინარე,ხეები,
დღეები,ბავშვობის დღეები!
ედარებოდა შეშლილს
მაშინ სტოვებდა ყველას და ყოველს
და, ფეერიულ ალში მცურავი,
ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს,
დაუნდობელი და მომდურავი.
და მიდიოდა უბედურ ქარში,
რა იყო ქარი ერთადერთისთვის,
სამგლოვიარო მან შექმნა მარში,
რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.
ობელისკი
ობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს,
ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ
ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი
ყველასთვის უცხო და ბნელ ქარაგმად.
წყალი შავია, როგორც მელანი,
შავ წყალზე ყალყზე შედგა მერანი
და სასაფლაოს მხრიდან ძერა
თავს დასტრიალებს, ვით ბედისწერა.
ვიგონებ რ აიმ მიქელ-ანჯელოს
ვიგონებ რ აიმ მიქელანჯელოს,
არაა ძნელი მთების დანდობა,
რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს
ესაფეხუროს ლალის ტატნობი.
ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი
ახალი დროის დიდი მესია,
მედგარი მხრებით რომ აიტანა
მთაზე დიდება და პოეზია.
მე მოვალ
ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს... აჰა, ვიტანჯები!
ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
“მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან.
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!”
გვიანი ოცნება
წიგნი ვედრებიანი,
ალოცება სატანის,
და ოცნება გვიანი
ვილიე დე ლილ-ადანის.
ხშირად მომეფერების
ჩემი კარგი ზმანება
და მტანჯავს მწუხარების
ყელით გადაქანება.
ლურჯი, ლურჯი დღე არის,
განშორების დღე არის,
მე არ ველი უარესს. . . ….
შიშველი
სიმაღლე ლაჟვარდთა,
ვარსკვლავთა სიმაღლე,
სიმაღლე ზამბახისა!
ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი.
ოჰ,თქვენს თმებს შეჰფერით დაფნა და ამბორი!
ელადა,ელადა!
აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს,_
ასეთი სინათლით შუბლი უელავდა
ვენერა მილოსელს.
დრო
აზიის დაშლილი თმის შავი გიშერის
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის, .
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.
სარკეთა სახეებს სანთლები მოედო
და შვენის რუსთაველს შირაზის ვარდები;
სიმღერის მხურვალე დრო არის, პოეტო,
თუ ასე წარმართი გზით წარემართები.
ედგარი მესამედ
ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.
იყო საღამო. ლოცვები. ზარი.
და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.
ენატრებოდა ფრთებს სითამამე
უზრუნველობის, შენი სიშორის!
მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,
ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.
და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:
საცაა, მოვა სიკვდილის წამი!
ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი
და მივდიოდით ტაძრისკენ სამი.
ელვარე და ლომფერი
ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა.
ო, მზით გადანაცარო,
ცხრა მუხა და ცხრა წყარო.
რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
იერი
იყო დილა მშვენიერი
დილა ფერადი,
მაგრამ უცებ წამოვიდა
ცაიერადი.
ასე იყო შენი დილაც
ბედისწერამდი.
სანამ ყოფნის არ დაგკრავდა
ცაიერადი.
რომ იჭექა, გზა დაყრუვდა
სერით-სერამდი,
და მაისის წამოვიდა
ცაიერადი.
ეჰ, წამოდი, ჩემო წვიმავ,
მგონი, მეღირსა
მოთმინებით მეგრძნო რისხვა
შენი მეხისა.
რომ შენს ღელვას შეუერთდეს
ლურჯი მერანი,
ცაიერადს ჩემი ჩანგის
ცაიერადი.
იყოს ქროლა მარადისი,
მაგრამ ვერრათი
ვერ დააცხროს დროთა ჩვენთა
ცაიერადი.
მარმარილო
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, -
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.
და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!
მიცქირე თვალში
მიცქირე თვალში,
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?
იყავი ჩუმად
და ბინდიან
თვალში მიყურე.
ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.
მიცქირე თვალში,
ო, ჩემს თვალში
საშინელება იგრძენი განა?!
1916 წელი
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.
სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
შენი სადღეგრძელო
კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდავიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).
შენს სადღეგძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვასვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.
და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.
მგლოვიარე სერაფიმები
მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.
ასე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.
ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!
ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.
ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”
ცამეტი წლის ხარ
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
ხვალემ იზრუნოს ხვალისა
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!
არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაიღოს “დიდება”,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!
შენ გვიანდები
შენ გვიანდები,
სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა
და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე ლანდები,
წითლად ნანთები ზღვა იზმორება, ქაფის გორები არ ძრავს ფრეგატებს
და სიშორეში ჰაეროვნად ლილიანდები
ოქრო ნანთები.
დაძრა მუქარამ და აელვარება შენს ირგვლივ ქაფზე
ათასი ალი,ათასი ლალი და უმძინესი ბრილიანტებში.
ხსოვნას
მოუწოდეს იმას ძველად,
ზარები რომ დარეკოს,
რომ სიმღერა მთა და ველად
გვირგვინივით გადაარეკოს.
იგი დაფნის იყო ღირსი,
დიდი ცეცხლით იწვოდა,
მაგრამ ყოფნა მაინც მისი
გაჰქრა უმაისოდა.
ქარებს ქარობა
დაეტყო კიდეც ქარებს ქარობა,
როცა მტრობაა და ედგარობა,
სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები,
მაგრამ შენ მაინც ნუ ჩამიქრები,
ნუ მიმატოვებ.
აღარ ეტყობა თვალებს თვალობა,
როცა ღრეა და მიუალობა
აყეფდებიან მტვარის ტყუპები,
ო,შენ მაინ ცარ დაიღუპები,
ცრემლს ნუ ათოვებ.
პოეტს
ო, შენს გარეშე ვერავის გახდის
ბედი უკვდავად ცეცხლის მინაში,
თავს მოწიწებით ვხრი შენი ტახტის
დაუჭკნობელი დაფნის წინაშე.
დიდება იგი ძლიერი არი,
ამაოება-დროის მგმობელი,
მარდის იგი ხმოვანებს ქნარი,
მარდის ცეცხლის საგალობელი.
* * *
როცა გარშემო ღამე ბნელია,
თეთრო ყვავილო უცხო მდელოსი,
გგრძნობენ, გფიქრობენ მოგელიან
შენ პოეტები საქართველოსი.
უცხო ასულო, ვიქნებით თქვენი
პალადინი და მარად ძმობილი,
მხოლოდ გიყვარდეთ ამდენის მთმენი
ოცნება ორად გულგაპობილი.
წელიწადები წავლიან ძველნი
დღეები ბრუნავს,ვით კამათელი
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა
წელიწადები წავლიან ძველი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაქტიონი.
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე თბილისი ავირჩიე ბებერი.
მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა.
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა.
მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა,
შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა.
ეს მძინარე მთა და ველი
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ!
შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,
თვალს ნუ მიეძინება,
ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,
როგორც ღრუბლის დინება.
ნუთუ არსით არის შველა
უჩვევი თუ ჩვეული?
გადღეგძელოთ ყველა, ყველა
ამ სუფრაზე წვეული.
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ!
კაკლის ხე მთაწმინდაზე
თითქო დაეშვა შავი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები.
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.
თითქო რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია -
მოვა სხვა უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება?
თითქო ბერდები? არაფერია!
ათასი წლისაც არ დაბერდები.
მაგრამ მე რა ვქნა
მაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული
მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით,
ვინც აღტაცება არ ვიცი სრული
არც სიყვარულით, არც მწუხარებით.
მე, ვისაც მტანჯველი აზრად გაუარს -
დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით,
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს,
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით.
გადია, მე ხომ ღამის ლანდები
მიგვიანებენ საყვარელ ნდომას,
სიკვდილში როდი ვეჭვიანდები,
ვხედავ შეცდომას.
მე დემონები ქროლვით მარადით
მომაგონებენ დაფარულ შხამით,
რომ უიმედოდ მივქროდი ღამით
გატეხილ შუბით და მუზარადით.
მერის თვალებით
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე.
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,
არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -
არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო
ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო.
შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს,
მთაწმინდა - მშვიდი და მოყვითალო.
წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული
ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი.
მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული,
სული შეშლილი და ბედნიერი.
მოდის ჭალების სული მცურავი
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს,
აღარ გაუბამ მთებს ლაპარაკსა.
არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები.
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაეშანები,
ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრიალი ნეკერჩხალისა.
მდინარემ წყალი შემოადიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.
დაფარულია მთელი მინდორი,
თანდათან მღვრიე რიონი მოდის.
მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,
მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის.
მოაქვს ხეები, მოაქვს მორები,
მოაქვს ჭალების სული მცურავი,
მოუახლოვდა სახლებს მორევი,
მდინარის რისხვა და სამდურავი.
მოსვლას აპირებს წვიმა
მოსვლას აპირებს წვიმა,
იგრძნო ღრუბლების გემმა,
გააწკრიალა სიმმა
შენი სახელი - ემა.
გადატეხილი მეხით
ლამის დაღამდეს ბარემ,
დიდებისაკენ ფეხით
კიდეც გასწია მთვარემ.
ყალბი ბოჰემა, აგერ,
სივრცეს უცქერის უვრცესს,
ჰგავს ის ძაფებით ნაკერ
ძველი გაზეთის ფურცელს.
დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.
მწუხარება შენზე
მე გარს მეხვევა მუდამ, იგივე
შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე.
ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს
სად დავემალო, სად წავუვიდე?
ღვინით თასები ისევ ივსება,
ისევ მევსება დარდით თვალები.
შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა,
მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები?
მე ვიხდი ნიღაბს! მომგვარეთ რაში!
შენთან! ნუგეშთან! ო, ჩქარა, ჩქარა!
მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში,
დიდება, ცრემლი, ღელვა, მუქარა.
ნუგეში
არის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში,
ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი:
შევიდე უცხო სიმსუბუქეში,
გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი.
ვიცი, ეს მხოლოდ ისე იქნება,
როგორც ყოფილა ოდესმე ღამით:
დათვლა ნაბიჯის და დამიზნება,
ნისლიან ამინდს, ნისლიან ამინდს!
მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლის
მოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს!
მას მოიზიდავს ხმობა გასროლის
და შეჩერებას მე დამავალებს.
ვიცი: პოეტის გატეხილ სახელს
ბრბო არ დაინდობს გასათელავად,
მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს
და დაადგება შუბლს ნათელივით.
No comments:
Post a Comment